კვლავ პენალტების სერია - დრამატულ ბრძოლაში არგენტინამ ნიდერლანდები დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
კვლავ პენალტების სერია - დრამატულ ბრძოლაში არგენტინამ ნიდერლანდები დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს არგენტინა და ნიდერლანდები შეხვდნენ. დაძაბული, დრამატული და სანახაობრივი მატჩი დამატებით დროში გადავიდა და პენალტების სერიაში არგენტინის გამარჯვებით დასრულდა.

 

პირველ ტაიმში სამხრეთამერიკელებმა კარში სამჯერ დაარტყეს, ევროპელებმა კი ჩარჩოში ერთხელაც ვერ მოახვედრეს.

35-ე წუთზე მოლინამ მესის ბრწყინვალე, გამჭოლი გადაცემით კარგად ისარგებლა და ანგარიში გახსნა – 1:0 არგენტინის სასარგებლოდ.

 

შეხვედრის მეორე ნახევარში სახიფათოდ კვლავ არგენტინელები უტევდნენ. მათი შრომა მეორე გოლით დაფასდა: 73-ე წუთზე ნიდარლანდების კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პენალტი არგენტინელთა ლიდერმა, ლიონელ მესიმ აუღელვებლად შეასრულა და თანაგუნდელები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ – 2:0. ეს იყო არგენტინელების მეათე ნომრის მეათე გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე და ლიონელ მესი საკუთარი ქვეყნის ნაკრების უმდიდრეს ისტორიაში გაბრიელ ბატისტუტასთან ერთად საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ნიდერლანდელებს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდათ და მეტოქის კარის აღებას მთელი გუნდით ცდილობდნენ. აქცენტი ჩაწოდებებზე გააკეთეს და მიზანსაც მიაღწიეს: 83-ე წუთზე ვეგჰორსტმა თავური დარტყმით ნიდერლანდების ნაკრებს იმედი დაუბრუნა – 2:1. არბიტრმა მეორე ტაიმს 10 წუთი დაამატა და ზუსტად მე-100 წუთზე (90+10) ვეგჰორსტმა დუბლი შეასრულა – 2:2.

დამატებითი დროის პირველ პერიოდში ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეორე ნახევარში კი არგენტინელებმა ნიდერლანდების კართან ნამდვილი შტურმი მოაწყვეს და გოლის გატანის არაერთი შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და ნახევარფინალის საგზურის ბედი კვლავ პენალტების სერიამ გადაწყვიტა. მატჩის გმირი არგენტინელების მეკარე მარტინესი გახდა, რომელმაც პირველი ორი დარტყმა მოიგერია და საკუთარი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა.

13 დეკემბერს არგენტინელები ნახევარფინალში ხორვატიას დაუპირისპირდებიან.