კვირკვიამ აზერბაიჯანის ჩემპიონატში გაიტანა, ვოლკოვი გუგეშაშვილის გუნდს დაუპირისპირდა [ვიდეო] #1TVSPORT

დავით ვოლკოვის „საბაჰმა“ აზერბაიჯანის ჩემპიონატში გათამაშების ლიდერი, ლუკა გუგეშაშვილის „ყარაბაღი“ დაამარცხა 3:2.

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ ლიგის 30-ე ტურის შეხვედრას „ყარაბახისთვის“ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა (გუნდი უკვე ჩემპიონი გახდა), ლუკა გუგეშაშვილი არ ათამაშეს, ხოლო გამარჯვებულთა შორის ვოლკოვი შეცვლაზე, 67-ე წუთზე გამოჩნდა.

მათე კვირკვიას და გიორგი პაპუნაშვილის „კიაფაზი“ „საბაილს“ ესტუმრა. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ პაპუნაშვილი 21-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. რამდენად სერიოზულია მისი დაზიანება, ჯერ უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ ქართველების გუნდი შესვენებამდე 2:0 დაწინაურდა, შემდეგ სამი გოლი გაუშვა. გუნდი მარცხისგან მათე კვირკვიამ იხსნა, რომელმაც 90+6-ე წუთზე დაახლოებით 20 მეტრიდან გაისროლა, ბურთი „ცხრიანში“ ჩაახვია და ეფექტური გოლით ანგარიში გაათანაბრა – 3:3.

„ყარაბაღი“ უკვე ჩემპიონია, ბაქოს „საბაჰი“ (43) მე-5 პოზიციაზეა, ხოლო „კიაფაზი“ (31) ბოლოდან მეორე ადგილზე (9) იმყოფება, მაგრამ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.