კვირკველიას წითელი ბარათი გაუუქმეს
კვირკველიას წითელი ბარათი გაუუქმეს
რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში, მოსკოვის „ლოკომოტოვისა“ და გროზნოს „ახმატის“ შეხვედრის 83-ე წუთზე საბა კვირკველიამ მეტოქის შეტევა ხელით ჩაშალა, რისთვისაც მთავარმა არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა, მოსკოველთა კარში კი პენალტი დანიშნა.
ამ ეპიზოდში, რკინიგზის მცველმა, ფაქტობრივად, მეკარე შეცვალა და დარტყმული ხელით მოიგერია. მოსკოველები ამ დროისთვის 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ მეკარე გილერმემ პენალტი მოიგერია. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ კვირკველიას წითელი ბარათი გაუუქმეს.
ეს გადაწყვეტილება რუსეთის საფეხბურთო კავშირის მსაჯებისა და ინსპექტირების განყოფილების ხელმძღვანელმა ვიქტორ კაშაიმ განმარტა.
„კვირკელიას ეპიზოდზე მსაჯებს შორის დიდი მსჯელობა იყო. ეჭვგარეშეა, რომ ხელით თამაში იყო. კვირკველიამ ითამაშა როგორც მეკარემ და პენალტი აშკარაა. მსაჯი ფიქრობდა, რომ ამ ვითარებაში მეკარე გუნდს ვერ გადაარჩენდა. ამიტომ მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი გამოიყენა. თუ ის დარწმუნებული იქნებოდა, რომ მეკარე ბურთის მოგერიებას შეძლებდა, ყვითელი უნდა ეჩვენებინა. ასეთ დროს გადაწყვეტილების მიღება ადვილი არაა, რადგან საამისოდ არბიტრს სულ ნახევარი წამი ჰქონდა. მაგრამ მხოლოდ ყვითელი უნდა ეჩვენებინა, რადგან მეკარეს გუნდის გადარჩენა შეეძლო – საექსპერტო კომისიამ სწორედ ასე გადაწყვიტა“ – ამბობს კაშაი.