კვირკველიას პენალტი გაუფორმეს - დავითაშვილი „როტორში“ საუკეთესო იყო (ვიდეო)

რუსეთის პრემიერლიგის მე-5 ტურში ვოლგოგრადის „როტორმა“ მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლა და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ საბა კვირკველია და ზურიკო დავითაშვილი, ხოლო ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი განაცხადშიც ვერ მოხვდნენ.

საბა კვირკველიასთვის უიღბლო მატჩი გამოდგა, რადგან 53-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში მეტოქის წაქცევისთვის ყვითელი ბარათი აჩვენეს და პენალტი დანიშნეს, რომელიც დიმიტრი სობოლევმა გოლად აქცია და „სპარტაკმა“ 1:0 მოიგო. თუმცა, მატჩის ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს, რომ მოსკოველმა თავდამსხმელმა აშკარად სიმულაციას მიმართა და თავისით წაიქცა.

„მასპინძელთა რიგებში განსაკუთრებით შთამბეჭდავად დავითაშვილი ჩანდა,“ – წერია პრემიელრიგის პარტნიორი „მატჩ ტვ“-ის გვერდზე.

საქართელოს ნაკრების ნახევარმცველი შეტევის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა და შეხვედრის ყველაზე ეფექტური მომენტი შექმნა. 75-ე წუთზე დავითაშვილი, რომელიც გუნდში „რუბინიდან“ იჯარით გადავიდა, მოედნის ცენტრში აირტონს გაექცა, ჯიქიასაც გასცდა, თუმცა „სპარტაკი” მეკარემ გადაარჩინა.