კვირკველიას მწვრთნელის ვინაობა მალე გაირკვევა - კიკნაძემ „ლოკომოტივის“ გულშემატკივრებს უპასუხა
კვირკველიას მწვრთნელის ვინაობა მალე გაირკვევა - კიკნაძემ „ლოკომოტივის“ გულშემატკივრებს უპასუხა

მოსკოვის „ლოკომოტივის“ (სადაც საბა კვირკველია თამაშობს) გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ უპასუხა გულშემატკივრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იური სიომინს – გავრცელებული ხმების თანახმად, მას გუნდიდან გაშვებას უპირებენ.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია გულშემატკივრების აზრი. ამასთან, გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა გუნდის ხელმძღვანელობას ეკისრება. თვითიზოლაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, გულშემატკივრებთან პირდაპირი ურთიერთობას დავუბრუნდებით. რაც შეეხება სიომინის წარმატებებს, მას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. ის „ლოკომოტივის“ ლეგენდაა და ვალერი ფილატოვთან ერთად, კლუბის გამარჯვებების ტრადიციებს საფუძველი ჩაუყარა. მისი სახელი „ლოკომოტივის“ ისტორიაში სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაიწერა. წესდების თანახმად, თავად მწვრთნელს კლუბის დირექტორთა საბჭო გენერალური დირექტორის რეკომენდაციით ამტკიცებს. თქვენს აზრს აუცილებლად გავითვალისწინებთ,“ – კიკნაძის კომენტარი „ლოკომოტივის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა.

ცნობილია, რომ იური სიომინი ქართველი ფეხბურთელების მიმართ კეთილგანწყობილია და დიდი ფეხბურთში გზა საქართველოს ნაკრების ბევრ მოთამაშეს გაუხსნა – ზაზა ჯანაშიას, მალხაზ ასათიანს, მათე ღვინიანიძეს, მიხეილ აშვეთიას, დავით მუჯირს, საბა კვირკველიას, ხვიჩა კვარაცხელიას. გავრცელებული ცნობებით, „ლოკომოტივის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ კიკნაძემ სიომინის შემცვლელი უკვე შეარჩია.