კვირკველიას მარკო ნიკოლიჩი გაწვრთნის - კიკნაძემ სიომინი მაინც გაუშვა
კვირკველიას მარკო ნიკოლიჩი გაწვრთნის - კიკნაძემ სიომინი მაინც გაუშვა

საბა კვირკველიას ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება – მოსკოვის „ლოკომოტივს“ ამიერიდან სერბი მარკო ნიკოლიჩი გაწვრთნის – ინფორმაცია მოსკოვური კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

„ლოკომოტივის“ დირექტორთა საბჭომ და ხელმძღვანელობამ მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა მოქმედ მთავარ მწვრთნელს, იური სიომინს, რომელსაც 2020 წლის 31 მაისს კონტრაქტი ეწურება და ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

მისი გაშვება წარმოშობით ქართველი ტელეწამყვანის, „ლოკომოტივის“ გენერალური დირექტორის ვასილ კიკნაძის ინიციატივა იყო. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული კლუბი იმ მწვრთნელის გარეშე დარჩა, რომელიც გუნდის ასაწყობად წლების განმავლობაში ყოველთვის ქართველ ფეხბურთელებს იწვევდა – ზაზა ჯანაშიას, მალხაზ ასათიანს, მათე ღვინიანიძეს, მიხეილ აშვეთიას, გიორგი ჭელიძეს, დავით მუჯირს, საბა კვირკველიას, ხვიჩა კვარაცხელიას.

სიომინს 40 წლის სერბი მარკო ნიკოლიჩი შეცვლის, რომელიც ბოლოს უნგრულ „ფეჰევარს“ წვრთნიდა. გამოცემა „ჩემპიონატის“ ცნობით, მოსკოველები ახალ მწვრთნელს წელიწადში 1,2 მილიონ ევროს გადაუხდიან, პლუს პრემიის სახით 500 ათას ევროს, თუ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.