კვირკველიას გუნდს, სავარაუდოდ, სერბი გაწვრთნის - ნიკოლიჩი სიომინზე ორჯერ ნაკლებს მიიღებს
კვირკველიას გუნდს, სავარაუდოდ, სერბი გაწვრთნის - ნიკოლიჩი სიომინზე ორჯერ ნაკლებს მიიღებს

რუსული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრების მცველ საბა კვირკველიას გუნდს, მოსკოვის „ლოკომოტივს“, სერბი სპეციალისტი მარკო ნიკოლიჩი გაწვრთნის. ჟურნალისტები მის ხელფასსაც ასახელებენ.

„ნიკოლიჩი იური სიომინის ხელფასის ნახევარს მიიღებს, თუკი „ლოკომოტივს“ უხელმძღვანელებს. როგორც „ჩემპიონატისთვის“ სერბეთის წყაროებიდან გახდა ცნობილი, თუ „პარტიზანის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მოსკოვის გუნდს ჩაიბარებს, მაშინ წელიწადში 1,2 მილიონ ევროს მიიღებს“ – წერს გამოცემა „ჩემპიონატი“.

რუსული გამოცემის მტკიცებით, სერბი სპეციალისტის ხელფასი ამჟამინდელი მწვრთნელის, იური სიომინის ანაზღაურებაზე ორჯერ ნაკლები იქნება. თუმცა, ნიკოლიჩი პრემიის სახით დამატებით 500 ათასი ევროს მიიღებს, თუ მომავალ სეზონში „რკინიგზელები“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ.

სიომინმა „ლოკომოტივთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, მაგრამ კორონავირუსის გამო სეზონი მინიმუმ ორი თვით გახანგრძლივდება, გუნდის ადმინისტრაცია კი სიომინთან ხელშეკრულების ორი წლით გაგრძელებას არ აპირებს.

72 წლის სპეციალისტი გუნდს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს. მანამდეც ის „ლოკომოტივს“ სამჯერ ავარჯიშებდა – 1986-1990, 1992-2005 და 2009-2010 წლებში. გუნდმა ყველაზე დიდ წარმატებებს სწორედ მისი ხელმძღვანელობით მიაღწია. ცნობილია, რომ სიომინი ქართველ ფეხბურთელებს განსაკუთრებით პატრონობდა და საყვარელი ფრაზაც აქვს – ლოკომოტივი“ ქართველების გარეშე წარმატებას ვერ აღწევს“.