კვირკველიას გუნდის ხელმძღვანელებს სამგლოვიარო ფოტოები დაუმზადეს
კვირკველიას გუნდის ხელმძღვანელებს სამგლოვიარო ფოტოები დაუმზადეს

საბა კვირკველიას გუნდის, მოსკოვის „ლოკომოტივის“ ორი ხელმძღვანელის სამგლოვიარო ფოტოები უცნობმა პირებმა გუნდის სტადიონის წინ განათავსეს.

სამგლოვიარო ფოტომასალა სალაროების წინ დატოვეს – მასზე გამოსახულნი არიან „ლოკომოტივის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ანატოლი მეშჩერიაკოვი და გენერალური დირექტორი, ვასილ კიკნაძე. სურათებთან კი მიხაკები დადეს.

ამით, „ლოკომოტივის“ გულშემატკივრებმა მოსკოვის კლუბის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან იური სიომინის გაშვება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქამდე ჩერკიზოვოს სტადიონთან ახლოს ნახეს ბანერი წარწერით – „მხოლოდ სიომინი“.

ბოლო ქმედების ავტორმა კი მოსკოვური გუნდის ხელმძღვანელებს მიანიშნა, რომ ისინი გულშემატკივრებისთვის აღარ არსებობენ.

სიომინის ხელმძღვანელობით, „ლოკომოტივი“ სამჯერ გახდა რუსეთის ჩემპიონი, ექვსჯერ მოიპოვა თასი და სამჯერ – რუსეთის სუპერთასი.

დატოვე კომენტარი