კვირკველიამ ისევ ძირითადში ითამაშა
კვირკველიამ ისევ ძირითადში ითამაშა

საბა კვირკველიამ მოსკოვის „ლოკომოტივში“ ითამაშა, მისმა გუნდმა კი ყატარში მიმდინარე შეკრებაზე პირველი შეხვედრა ჩაატარა და მოიგო.

„ლოკომოტივი“ ყატარში „პარიმატჩ პრემიერის თასზე“ მოსკოვის „სპარტაკს“ დაუპირისპირდა – ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. ტურნირის დებულებით, ასეთ დროს პირდაპირ პენალტების სერია ინიშნება – კვირკველიას გუნდმა საჯარიმო დარტყმები უკეთ შეასრულა და ანგარიშით 4:2 მოიგო.

საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველმა „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე ქართველმა თითქმის ყველა შეხვედრა ჩაატარა. გასული შემოდგომის პასიურობის ფონზე, ერთა თასის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩის გათვალისწინებით, ეს უდავოდ კარგი ამბავია.

„პარიმატჩ პრემიერის თასის“ გამარჯვებული ბოლო ტურში გაირკვევა – რვა თებერვალს „სპარტაკი“ ბელგრადის „პარტიზანს“ შეხვდება, ხოლო „ლოკომოტივი“ „როსტოვს“ ცხრა თებერვალს დაუპირისპირდება.