კვირკველიამ ჩემპიონთა ლიგაზე საიუბილეო მატჩი ჩაატარა
კვირკველიამ ჩემპიონთა ლიგაზე საიუბილეო მატჩი ჩაატარა

საბა კვირკველია ჩემპიონთა ლიგის მატჩში გამოჩნდა და პირველი ქართველია, რომელმაც მიმდინარე სეზონში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ითამაშა.

„ლოკომოტივს“ ბევრი ტრავმირებული მოთამაშე ჰყავს და გუნდი იძულებული გახდა, გაურკვეველი მიზეზებით უთამაშებელი საბა კვირკველია მადრიდში „ატლეტიკოსთან“ ძირითად შემადგენლობაში დაეყენებინა. მოსკოველებმა 0:2 წააგეს და გათამაშებას გამოეთიშნენ, ქართველმა კი 90 წუთი ითამაშა.

ტრავმისგან განკურნებული საბა კვირკველია „ლოკომოტივმა“ სათადარიგოებში გადასვა და მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების მცველმა მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა – 1-1 მატჩი რუსეთის ჩემპიონატსა და თასზე, ერთიც – ჩემპიონთა ლიგაზე.

მადრიდელებთან მატჩი საბა კვირკველიასთვის საიუბილეოც გამოდგა – 27 წლის მცველმა „ლოკომოტივის“ ფორმა მე-100 შეხვედრაში მოირგო.

ამის შესახებ კომენტარი ერთმა რუსმა ქალბატონმა მოსკოველთა ინსტაგრამზე გააკეთა: „ყველა რუსულ კლუბში, რომელიც საკუთარ თავს პატივს ცემს, თუნდაც ერთი ლამაზი ქართველი მაინც უნდა იყოს“.