კვირკველია ვარჯიშს აგრძელებს, მისი მწვრთნელის შეცვლას „ლოკომოტივში“ უარყოფენ
კვირკველია ვარჯიშს აგრძელებს, მისი მწვრთნელის შეცვლას „ლოკომოტივში“ უარყოფენ

მოსკოვის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის პოტენციური მემკვიდრე სერბეთის სპეციალისტი მარკო ნიკოლიჩი იქნება. ინფორმაცია უნგრულ გამოცემა Nemzeti Sport-ში გავრცელდა და რუსულმა მედიამაც აიტაცა.

ცნობებიც მიხედვით, 71 წლის იური სიომინს კონტრაქტი უმთავრდება და ახალი სეზონიდან ორმოცი წლის მარკო ნიკოლიჩი შეცვლის, რომელიც ბოლოს უნგრულ „ფეჰერვარში“ მუშაობდა. სერბმა 2017/18 წლების სეზონში ამ გუნდთან ერთად უნგრეთის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ერთი წლის შემდეგ, მისი გუნდი ქვეყნის თასის გამარჯვებული გახდა. მანამდე იმავეს ბელგრადის „პარტიზანში“ მიაღწია – სერბეთის ჩემპიონობა პლუს თასი.

მოსკოვის „ლოკომოტივის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანატოლი მეშჩერიაკოვმა ამ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა და ხმები უარყო.

„უნგრეთში კორონავირუსი არის? იქნებ, ამან ზოგიერთებს თავის ტვინი დაუზიანა. მე არ ვიცი, მარკო ნიკოლიჩი ვინაა” – ამბობს მესჩერიაკოვი.

საინტერესოა, რომ კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, მოსკოვის „ლოკომოტივი“ ვარჯიშებს არ წყვეტს. მთავარი მწვრთნელის, იური სიომინის თქმით, დიდი დატვირთვების შემდეგ მოთამაშეთა გაჩერება სასურველი არაა.