კვირკველია ტრავმირებულია, თუმცა გუნდს მალე დაუბრუნდება
კვირკველია ტრავმირებულია, თუმცა გუნდს მალე დაუბრუნდება

საბა კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ჯერ არ ვარჯიშობს, მაგრამ გუნდს შემდეგ კვირაში დაუბრუნდება – ინფორმაციას გამოცემა „სოვეტსკი სპორტი“ ავრცელებს.

„უახლოეს მომავალში „ლოკომოტივის“ რამდენიმე ფეხბურთელი საერთო ჯგუფს დაუბრუნდება და ვარჯიშებს განაახლებს. მათ შორის არიან ძმები მირანჩუკები, დიმიტრი ბარინოვი, რიფატ ჟემალეთდინოვი, ანტონ კოჩენკოვი და საბა კვირკველია“ – წერს გამოცემა.

საქმე ისაა, რომ რუსეთის პრემიერლიგის გუნდები სეზონის განახლებისთვის ემზადებიან, რომელიც 19 ივნისს დაიგეგმა. პირველი ამხანაგური თამაში „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „დინამოსთან” 1:1 დაასრულა. საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვირკველიამ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა – ყოველ შემთხვევაში, ასეთია ოფიციალური ვერსია.

აღსანიშნავია, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი მარკო ნიკოლიჩი სტადიონზე არ იმყოფებოდა, რადგან რუსეთში ჩამოსვლის შემდეგ კვლავ იზოლაციაშია.

სეზონის განახლების შემდეგ პირველ მატჩს „ლოკომოტივი“ „ორენბურგთან“ 21 ივნისს ითამაშებს. 22 ტურის შემდეგ, საბა კვირკველიას გუნდი რუსეთის პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზეა.