კვირკველია მოსკოველი ფანების რჩეულია
კვირკველია მოსკოველი ფანების რჩეულია

მოსკოვის „ლოკომოტივის“ გულშემატკივართა რჩეული საბა კვირკველიაა. ეს გამოკითხვის შედეგად გახდა ცნობილი და ქართველს საგანგებო პრიზიც გადასცეს.

რუსეთის ჩემპიონი „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებს გუნდის გულშემატკივრები შეხვდნენ – საქართველოს ნაკრების მცველს სწორედ აქ გადასცეს ფანების მიერ „ლოკომოტივის“ საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული ტრადიციული სიმბოლური პრიზი – „ფოლადის რელსები“ („ლოკომოტივი“ რუსეთის რკინიგზის გუნდია).

ცნობილი გახდა, რომ მოსკოვური გუნდის გულშემატკივართა გამოკითხვაში კვირკველიამ აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვა. პრიზი 26 წლის ქართველ ფეხბურთელს ფანკლუბის წარმომადგენლებმა გადასცეს.

გასულ სეზონში საბა კვირკველიამ „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა, პრემიერლიგის სიმბოლურ ნაკრებში 15-ჯერ მოხვდა და საბოლოოდ, წლის სიმბოლურშიც დაასახელეს და სეზონის ხუთ საუკეთესო მოთამაშეს შორისაც.