კვირკველია „ლოკომოტივის“ სასტარტოში დაბრუნდა
კვირკველია „ლოკომოტივის“ სასტარტოში დაბრუნდა

საბა კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა – პირველად მთავარ მწვრთნელად მარკო ნიკოლიჩის დანიშვნის შემდეგ.

საქართველოს ნაკრების მცველმა რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში სამარის „კრილია სოვეტოვის“ წინაააღმდეგ ითამაშა. მოსკოვის „ლოკომოტივისთვის“ მატჩი ძალიან რთული გამოდგა. მეორე ადგილზე მყოფი კლუბი ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერს, ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფ სამარულ კლუბს მასპინძლობდა, მაგრამ ქულა მხოლოდ დიდი ბრძოლის შემდეგ მოიპოვა.

ანგარიში მე-14 წუთზე სტუმრებმა გახსნეს, გოლი კი დეჟან რადონიჩმა გაიტანა, რაშიც ქართველი მცველი დაადანაშაულეს – სამარელთა თავდამსხმელზე გამიზნული გადაცემა ვარდნაში ჩაჭრა და თითქოს ვითარებაც განმუხტა, მაგრამ ბურთი კარგად ვერ მოიგერია. შემტევს ხორვატმა ვედრან ჩორლუკამაც ვერ შეუშალა ხელი და ისე გამოვიდა, რომ რადონიჩს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

„ლოკომოტივის“ უიღბლობა ამით არ დასრულებულა. 33-ე წუთზე, კვირკველიას გუნდს ტრავმის გამო მთავარი მეკარე მარინატო გილერმე გამოაკლდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ვლადისლავ იგნატიევი გააძევეს და გუნდი ათი კაცით დარჩა. 73-ე წუთზე შემადგენლობები გათანაბრდა – ფეხბურთელი სტუმრებსაც გაუგდეს. „ლოკომოტივმა“ ანგარიში 95-ე წუთზე გაათანაბრა – გოლი ალექსეი მირანჩუკმა გაიტანა.

საბა კვირკველია მოედანზე 69-ე წუთამდე იყო, მერე კი მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა.