კვირკველია გადარჩა - მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი ნაკრებში ივარჯიშებს
კვირკველია გადარჩა - მოსკოვის „ლოკომოტივის“ მცველი ნაკრებში ივარჯიშებს
საბა კვირკველია გადარჩა – რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში დაშავებული მცველის დაზიანება მსუბუქი აღმოაჩნდა და ის საქართველოს ნაკრების უახლოესი შეხვედრებისთვის მოემზადება.
 
მოსკოვის „ლოკომოტივმა“ პრემიერლიგის ბოლო, 30-ე ტურში „უფას“ 1:0 სძლია, ძირითად შემადგენლობაში მყოფი ქართველი მცველი კი მე-17 წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.
„მოსკოვის „ლოკომოტივის“ ქართველი მცველის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. კვირკველია „უფასთან“ მატჩის პირველ ტაიმში შეცვალეს, მაგრამ ის ეროვნულ გუნდში თამაშს და „ლოკომოტივის“ პირველ საზაფხულო შეკრებაზე ვარჯიშს მაინც შეძლებს“, – წერს რუსული გამოცემა „ჩემპიონატი“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები უახლოეს პერიოდში 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში ორ მატჩს გამართავს: გიბრალტართან 7 ივნისს თბილისში და დანიასთან 10 ივნისს კოპენჰაგენში.
მოსკოვის „ლოკომოტივმა“ 30 ტურში 56 ქულა დააგროვა და რუსეთის პრემიერლიგაში დაკავებული მეორე ადგილით პირდაპირი გზით მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება.