კვირკველია და დავითაშვილიც „როტორში“ ითამაშებენ
კვირკველია და დავითაშვილიც „როტორში“ ითამაშებენ

ვოლგოგრადის „როტორმა“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდში კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი ჩაირიცხა – საბა კვირკველია და ზურიკო დავითაშვილი.

მათი ტარნსფერი ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ანონსდებოდა. საბოლოოდ, ტრანსფერი შედგა და ვოლგოგრადული კლუბის ვებ-გვერდმა გუნდის ახალწვეულები წარადგინა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა კვირკველია „როტორში“ სეზონის ბოლომდე ითამაშებს. მოსკოვის „ლოკომოტივმა“ ის იჯარით გაუშვა.

ასეთივე გარიგება გაფორმდა ზურიკო დავითაშვილის შემთხვევაშიც,რომელიც ყაზანის „რუბინში“ მწვრთნელად ლეონიდ სლუცკის დანიშვნის შემდეგ ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა. დავითაშვილიც სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

ამგვარად, ვოლგოგრადის „როტორში“ ამჟამად ყველაზე მეტი, ხუთი ქართველი ფეხბურთელი შეიკრიბა. გუნდში უკვე ირიცხებიან ბექა მიქელთაძე, ჯანო ანანიძე და ნიკა ყიფიანი. უფრო მეტი ქართველი ბოლო სეზონში ფამაგუსტას „ანორთოსისში” თამაშობდა, სადაც 6 ქართველი ირიცხებოდა.