კვიპროსული მედია - ქეცბაიას გადაბირება „პაფოსს“ სურს და მზადაა, ფედერაციას კომპენსაცია გადაუხადოს #1TVSPORT
კვიპროსული მედია - ქეცბაიას გადაბირება „პაფოსს“ სურს და მზადაა, ფედერაციას კომპენსაცია გადაუხადოს #1TVSPORT

ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას გადაბირება „პაფოსს“ სურს, მაგრამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ქართველი მწვრთნელის ნაკრებიდან წასვლის წინააღმდეგია, – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა „ბალა“ ავრცელებს.

„ჩვენი სანდო ინფორმაციით, „პაფოსის“ რუს მფლობელებს სურთ, რომ თემურზე გავლენა მოახდინონ და კლუბში მუშაობაზე დაითანხმონ. ამის მცდელობა თითქმის ერთი თვის წინ ჰქონდათ, როდესაც გუნდმა სატურნირო ცხრილში ვარდნა დაიწყო.

„პაფოსის“ მფლობელებმა ქეცბაიასთან და კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციასთან იმის გარკვევა სცადეს, ჰქონდა თუ არა ქართველ სპეციალისტს „პაფოსში“ მუშაობის სურვილი. ფედერაცია წინააღმდეგი იყო, მაგრამ რუსები ქეცბაიას დასანიშნად მზად არიან, კომპენსაცია გადაიხადონ“, – წერია გამოცემაში გამოქვეყნებულ წერილში.

„პაფოსი“ მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატს პირველივე ტურებიდან ლიდერობდა, მაგრამ ახლა პოზიციები დათმო და საჩემპიონო ექვსეულში მეოთხე ადგილზე დაქვეითდა.

აღსანიშნავია, რომ ქეცბაიას მთავარ მწვრთნელად დანიშვნა „პაფოსის“ რუს მფლობელებს 2022 წელსაც სურდათ, როდესაც ქართველმა მწვრთნელმა „ანორთოსისი“ დატოვა.