კვიპროსული მედია - „აპოელში“ ქვილითაიას შესახებ კითხვებია, მაგრამ მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს #1TVSPORT
კვიპროსული მედია - „აპოელში“ ქვილითაიას შესახებ კითხვებია, მაგრამ მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს #1TVSPORT

საქართველოს პირველ არხთან გიორგი ქვილითაიას მენეჯერის, ლაშა ოდილაძის გაჟღერებულმა ინფორმაციამ კვიპროსში დიდი რეზონანსი გამოიწვია – როგორც Sport-fm ამტკიცებს, „აპოელის“ ქართველი კაპიტნის გუნდში დარჩენასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა.

ქვილითაიას მენეჯერის თქმით, „აპოელის“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის მიმართ ინტერესს კვიპროსული და თურქული გუნდები იჩენენ, მაგრამ გიორგის კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის მაისამდე აკავშირებს.

ქვილითაიასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვაა

„სამი თავდამსხმელიდან, რომლებმაც სეზონი „აპოელში“ დაასრულეს, ახალ ჩემპიონატში კონტრაქტი მხოლოდ ქვილითაიას აქვს. მაკედა და ილიასი იჯარით იყვნენ და გუნდებს დაუბრუნდებიან.

ქართველ ფორვარდს აღმავლობისა და დაცემის სეზონი ჰქონდა, მაგრამ მან შეძლო სხვა გუნდების დაინტერესება. რა თქმა უნდა, ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ წავა, რადგან მისი მომავალი „აპოელის“ ხელშია.

საკითხავია, რას გადაწყვეტს გუნდი ქვილითაიასთან დაკავშირებით, თუ „აპოელს“ რომელიმე გუნდი წინადადებით მიმართავს. მას ხომ შეუძლია, მომავალ წელს გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს, ეს იმ დროს, როდესაც ქვილითაიას შესაძენად სერიოზული თანხა გადაიხადეს.

ერთ-ერთი სცენარი არის გაყიდვა, რომ საკმარისი თანხა შევიდეს ბიუჯეტში ან მასთან კონტრაქტი განახლდეს. კიდევ ერთი სცენარია – გუნდმა არაფერიც არ იმოქმედოს და დრო შეაფასებს, იმსახურებს თუ არა ახალ კონტრაქტს, ან კომპენსაციის გარეშე გაუშვან“,  – წერია Sport-fm -ის ვებგვერდზე.