კვიპროსული გამოცემა - თემურ ქეცბაიამ „წითელი ხაზები“ გადაკვეთა #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - თემურ ქეცბაიამ „წითელი ხაზები“ გადაკვეთა #1TVSPORT

კვიპროსულმა გამოცემამ, sportime.sigmalive-მა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიას მომავალსა და პერსპექტივაზე წერილი გამოაქვეყნა. თუკი აქამდე ამტკიცებდნენ, რომ ქეცბაიას მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩენის შანსი დიდი იყო, ახლა სხვა ვერსია გააჟღერეს.

„კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციაში შეშფოთებულები არიან თემურ ქეცბაიათი და მის მიერ აქამდე გაწეული სამუშაოთი. მიიღება თუ არა გადაწყვეტილება მისი გაშვების შესახებ, ჯერ უცნობია. ქართველ მწვრთნელს ნაკრებთან კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დასრულებამდე აკავშირებს. თუ კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციას სურს მისი გაშვება, დიდი თანხის გადახდა მოუწევს.

ეჭვგარეშეა, რომ თემურ ქეცბაია, როგორც ნაკრების მწვრთნელი, ის არაა, ვისაც ჩვენ ვიცნობდით. მასზე ციფრები ყველაფერს ამბობენ და კომენტარიც ზედმეტია.

მან „წითელი ხაზები“ გადაკვეთა. გააკეთა ის, რაც ყველა სამწვრთნელო სახელმძღვანელოში აკრძალულია. ქეცბაიამ საჯაროდ თქვა, რომ ეროვნული ნაკრების მოთამაშეები მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ და მოედანზე არაფერს აკეთებდნენ.

ის ყოველთვის საჯაროდ უნდა იცავდეს თავის მოთამაშეებს. მისი ასეთი მიდგომა სერიოზულ კითხვებს აჩენს“, – წერს კვიპროსული გამოცემა.