კვიპროსული გამოცემა - საქართველოსთან ქეცბაიამ ნაკრებს განსხვავებული ფეხბურთი უნდა ათამაშოს #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - საქართველოსთან ქეცბაიამ ნაკრებს განსხვავებული ფეხბურთი უნდა ათამაშოს #1TVSPORT

კვიპროსულმა გამოცემამ, sigmalive-მა, საქართველოს ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის თამაშამდე წერილი გამოაქვეყნა, სადაც იმედი გამოთქვა, რომ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ კვიპროსის ნაკრებს შეუძლია თბილისში უკეთესი ფეხბურთი აჩევნოს, ვიდრე ჯგუფის წინა მატჩებში.

გარკვეულ პირობებში ეროვნულ ნაკრებს რაღაცის გაკეთება შეუძლია

„სამწუხაროდ, მწარე რეალობაა, რომ კვიპროსის ნაკრები ყველა მოწინააღმდეგისთვის იოლი ლუკმა გახდა. თითქოს ყველა ფეხბურთელმა თამაშამდე იცის, რომ დამარცხდება და მხოლოდ ის არის გასარკვევი, რამდენ გოლს გაუშვებენ. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ჩვენი გუნდი გოლის გატანას მაგალითად, საქართველოსთან მატჩში.

არის რაღაც, რაზეც მწვრთნელებს შეუძლიათ იმუშაონ – ეს არის განსხვავებული ფილოსოფიისა და თამაშის სტილის დანერგვა. ქართველმა მწვრთნელმა დაცვის გაძლიერება და ორი, ზოგჯერ კი სამი შემტევით სცადა თამაში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. არაერთხელ დადასტურდა, რომ ეს ტაქტიკა არ მუშაობს და რაღაც განსხვავებული უნდა ვცადოთ.

დიახ, ესპანეთის, ნორვეგიისა და შოტლანდიის მსგავსი გუნდების თამაშის ხარისხი არ გვაქვს, რაც სავსებით გასაგებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თამაშში რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა არ შეგვიძლია.

კვიპროსის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ მომენტებს ვერ ქმნის. როგორ მიაღწევს წარმატებას გუნდი თუ მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ არ წააგოს ან ბევრი გოლი არ გაუშვას?

გადაწყვეტილებები ნახევარდაცვაშიც არის მისაღები. თემურ ქეცბაიას შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება მოუწევს. მან უნდა შეძლოს ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც ერთა ლიგაზე უკეთესად ითამაშებს. საქართველოსთან მატჩი ამ ცვლილებებისთვის კარგი შანსია, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, – წერს გამოცემა sigmalive.