კვიპროსული გამოცემა - პაპუნაშვილი „აპოლონს“ დატოვებს, ინჯგიას, სავარაუდოდ, იჯარით გაუშვებენ #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - პაპუნაშვილი „აპოლონს“ დატოვებს, ინჯგიას, სავარაუდოდ, იჯარით გაუშვებენ #1TVSPORT

კვიპროსული გამოცემა „24 სპორტი“ ადასტურებს, რომ ლიმასოლის „აპოლონს“ ქართველი ფეხბურთელები დატოვებენ, რადგან ისინი ახალი მწვრთნელის, გერმანელ ალექსანდრ ზორინგერის გეგმებში არ ჯდებიან.

წერილში („რა ელით ქართველებს?“) „24 სპორტის“ ჟურნალისტი საინტერესო ამბებს აჟღერებს.

„გუნდმა არნო ჯუმი შეიძინა, რის შემდეგაც, გიორგი პაპუნაშვილი „აპოლონს“ დატოვებს. გასარკვევი მხოლოდ ისაა, აქვთ თუ არა ქართველებს კვიპროსში დარჩენის სურვილი. ეს ეხება მის თანამემამულე რევაზ ინჯგიასაც, რომელსაც სავარაუდოდ იჯარით გაუშვებენ. აღსანიშნავია, რომ ორივეს ერთი მენეჯერი ჰყავს“, – წერს „24 სპორტის“ ჟურნალისტი.

არნო ჯუმი კამერუნის ნაკრების ნახევარმცველია. 32 წლის ფეხბურთელი გამოდიოდა „ბრიუსელში“, „ანდერლეხტში“, „როდაში“, „ჰართსში“, „ბელედიესპორში“, ბოლოს საუდის არაბეთის კლუბ „ალ რაედში“ თამაშობდა. კამერუნის ეროვნულ გუნდში 2016 წლიდან იწვევენ და ამ 5 წლის განმავლობაში მისი ფორმა 20-ჯერ მოირგო. იგი 2017 წელს გაბონში გამართულ აფრიკის ერთა თასის გამარჯვებული გახდა და რუსეთში 2017 წელს გამართულ კონფედერაციის თასზეც ითამაშა. ჯუმი ლიმასოლის „აპოლონში“ აგვისტოში ჩაირიცხა.

რაც შეეხება ქართველებს – 25 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი „აპოლონში“ 2020 წელს ჩაირიცხა, ხოლო 20 წლის თავდამსხმელი რევაზ ინჯგია – ზაფხულში.