კვიპროსული გამოცემა - ლაშა დვალი აპოელ-ს ტოვებს, მისი მომავალი კლუბი მალე გაირკვევა #1TVSPORT
ნიქოზიის აპოელ-ში გატარებული სამი სეზონის შემდეგ, დიდი ალბათობით, ლაშა დვალი გუნდს დატოვებს. ქართველი მცველი, შესაძლოა, კვლავ გიორგი ქვილითაიას თანაგუნდელი გახდეს – ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.
„აპოელ-ში დვალის სამწლიანი კარიერა მთავრდება?“ – ამ სათაურით წერილი გამოცემა Shootandgoal-მა გამოაქვეყნა.
„აპოელ-ში გატარებული სამი სეზონის შემდეგ ლაშა დვალის კარიერა, როგორც ჩანს, დასასრულს უახლოვდება. ქართველმა ფეხბურთელმა გუნდში პირველი ორი სეზონი შესანიშნავად ჩაატარა, თუმცა წელს ბევრს არ ათამაშებდნენ. მას კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ქართველი ფეხბურთელი აპოელ-ში კარიერას აღარ გააგრძელებს. მისი ტრანსფერით რამდენიმე კვიპროსული კლუბია დაინტერესებული“, – წერს გამოცემა.
უფრო კონკრეტული ცნობა გაავრცელა გამოცემა Balla-მ, საიდანაც ირკვევა, რომ, შესაძლოა, დვალმა და გიორგი ქვილითაიამ „არისში“ ისევ ერთად ითამაშონ.
„ქვილითაიას „არისთან“ კონტრაქტი აკავშირებს, დვალი კი თავისუფალი აგენტი ხდება და მისი შეძენა რამდენიმე კლუბს სურს, ერთ-ერთი, შესაძლოა, „არისიც“ იყოს. ასე რომ, ძალიან მალე გაირკვევა, გახდებიან თუ დვალი და ქვილითაია ისევ თანაგუნდელები“.