კვიპროსული გამოცემა - კაჭარავას ტრანსფერი ახლა ისეთი რეალურია, როგორც არასოდეს
„ახლა ყველაზე დიდია იმის ალბათობა, რომ ნიკა კაჭარავა ფამაგუსტას „ანორთოსისს“ დატოვებს“, – ინფორმაციას კვიპროსული ინტერნეტ-გამოცემა „კატიმერინი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის” 26 წლის თავდამსხმელისადმი ინტერესი სერიოზულია, თუმცა მომავალი კლუბის ვინაობა არ კონკრეტდება:
„გაირკვა გუნდი, რომელიც ქართველითაა დაინტერესებული და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში „ანორთოსისს“ ფეხბურთელის ტრანსფერზე ოფიციალური წინადადებით მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციამ ფეხბურთელის მხრიდან გაჟონა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კაჭარავას გუნდიდან წასვლა ახლა უფრო სავარაუდოა, ვიდრე აქამდე“.
ნიკა კაჭარავას კვიპროსულ გუნდთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „ანორთოსისისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ხელშეკრულებაში მითითებული პუნქტის მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა დაახლოებით ნახევარი მილიონი ევროა.