კვიპროსული გამოცემა - გამოჩნდა, „ანორთოსისისთვის“ ოქრიაშვილი რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა
კვიპროსული გამოცემა - გამოჩნდა, „ანორთოსისისთვის“ ოქრიაშვილი რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა

თორნიკე ოქრიაშვილი 3 თვის შემდეგ თემურ ქეცბაიას „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და კვიპროსის ჩემპიონატის 25-ე ტურში გასვლაზე „ენოსისთან“ მატჩის მთავარი გმირი გახდა – 28 წლის ქართველმა დუბლი შეასრულა და გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება (2:1) მოუპოვა.

კვიპროსული გამოცემა sigmalive-ში გამოქვეყნდა წერილი – „ამგვარი მონდომებით მთების გადადგმა შეიძლება“. ჟურნალისტის აზრით, ქართველმა შემტევმა „ანორთოსისის“ შეტევას აზრი, შემოქმედება და სიმწვავე შემატა.

„არ არის საჭირო იმის ანალიზი, თუ „ანორთოსისისთვის“ თორნიკე ოქრიაშვილი რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა. მისი არყოფნა აშკარად ჩანდა, როდესაც იგი ტრავმის გამო გუნდს ვერ ეხმარებოდა. ქართველი „ანორთოსისის“ შემადგენლობაში თითქმის სამი თვის შემდეგ დაბრუნდა და ძალიან მნიშვნელოვანი დუბლი შეასრულა, რამაც გუნდს ლიდერებთან ახლოს ყოფნის საშუალება მისცა. ფამაგუსტელებს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა პარალიმნიში გამარჯვებისა, რადგან სხვაგვარად ლიდერებს ძალიან ჩამორჩებოდა. თემურმა და მისმა თანაგუნდელებმა ეს ძალიან კარგად იცოდნენ და ლიდერებთან სხვაობის შესამცირებლად ყველაფერი გააკეთეს“, – წერს გამოცემა.

sigmalive-ის ავტორის თქმით, ქართველი შემტევის დაბრუნება გუნდისთვის დამაიმედებელია: „რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში ოქრიაშვილის ასეთი დაბრუნებით (ქვილითაიასთან ერთად) „ანორთოსისი“ დიდ იმპულსს იძენს და თუ გუნდი ასე თამაშს გააგრძელებს, საშუალება მიეცემა, წამყვანი პოზიციები დაიკავოს და ლიდერებთან ჩამორჩენა გააბათილოს“.

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ მატჩის ბოლოს ოქრიაშვილი თემურ ქეცბაიამ შეცვალა. გამოცემა ეჭვობს, რომ შესაძლოა, ქართველს ტრავმა გაუმიზეზდა: „უნდა აღინიშნოს, რომ ოქრიაშვილმა მოედანი გადახვეული ფეხით დატოვა. მაგრამ ექიმების დასკვნას უნდა დაველოდოთ, სერიოზულია თუ არა ქართველის ტრავმა“.

დატოვე კომენტარი