კვიპროსული გამოცემა - დვალს რამდენიმე უცხოური კლუბი იწვევს და ზაფხულში, სავარაუდოდ, აპოელ-ს დატოვებს #1TVSPORT
კვიპროსის სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფში გიორგი ქვილითაიას „არისი“ გასვლაზე „ომონიასთან“ 1:2 დამარცხდა. ქართველმა თავდამსხმელმა შეცვლაზე ითამაშა. ასევე საჩემპიონო ჯგუფში ითამაშა ლაშა დვალის აპოელ-მა, რომელმაც სტუმრად ლიდერ „პაფოსს“ 1:0 მოუგო.
ლაშა დვალი აპოელ-ის განაცხადში არ იყო. საერთოდ, დვალი ბოლო სამი შეხვედრა მოედანზე არ გასულა, მას 31 მაისს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება – ამის შესახებ გამოცემა sport-fm-ი მიანიშნებს.
„ლაშა დვალი, სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელი იქნება, რადგან აპოელ-თან კონტრაქტი უმთავრდება. ქართველ მცველს ნიქოზიის გუნდთან თანამშრომლობის განახლებაზე მოლაპარაკება ჯერ არ დაუწყია.
ფეხბურთელის მენეჯერი უკვე ეძებს საუკეთესო შეთავაზებას თავისი კლიენტისთვის და ამტკიცებს, რომ მოლაპარაკება დაიწყო თურქულ გუნდებთან, თუმცა ინტერესი სხვა ქვეყნის კლუბებიდანაც არის.
28 წლის ცენტრალური მცველი აპოელ-ში 2022 წლიდან თამაშობს და გუნდის საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბდა. საქართველოს ნაკრებსა და კვიპროსის ლიგაში კარგი თამაშის შემდეგ მის მიმართ ინტერესი გაიზარდა. სად გააგრძელებს კარიერას დვალი, უახლოეს პერიოდი გახდება ცნობილი. თუმცა, დიდი ალბათობოთ, აპოელ-ში მისი კარიერა 31 მაისს დასრულდება, როდესაც კონტრაქტი ამოეწურება“, – ამტკიცებს sport-fm-ი.