კვიპროსული გამოცემა - დვალის მიმართ დიდი ინტერესია და, შესაძლოა, აპოელ-ი დატოვოს #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აპოელ-ის ქართველი მცველის, ლაშა დვალის მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა – ამის შესახებ კვიპროსულმა გამოცემა gazzetta-მ სტატია გამოაქვეყნა, სადაც მოთამაშის შესაძლო ტრანსფერზეა საუბარი.
„ქართველ ფეხბურთელს აპოელ-თან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. მან კლუბების ყურადღება კვიპროსის ფარგლებს გარეთაც მიიპყრო. დვალი ასაკიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე საკმაოდ ფასეული მოთამაშეა, ის კვიპროსის ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მცველია.
დვალს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მისი მომავლისთვის მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება. აპოელ-ის ხელმძღვანელობამ მას ხელშეკრულების გახანგრძლივება შესთავაზა, თუმცა მხარეები ჯერ ვერ შეთანხმდნენ. ქართველის ასეთი დამოკიდებულება უფრო ძლიერ ლიგაში მისი ტრანსფერის შესაძლებლობაზე მიუთითებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშის არჩევანი ნათელია – გააგრძელოს თამაში ნიქოზიაში ან ახალი გამოწვევები მიიღოს. ტრანსფერის შესაძლო ვარიანტები კი თურქეთში, გერმანიასა და საუდის არაბეთშია. დვალის მიმართ ასეთი ინტერესი შემთხვევით არ არის“, – წერს გამოცემა.