კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისში“ ანანიძის გადასვლაში ლორიაც მონაწილეობდა
კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისში“ ანანიძის გადასვლაში ლორიაც მონაწილეობდა
„თემურს ანანიძის გადაბირებაში თანაშემწე ჰყავდა“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა წერილი „სიგმალაივნა“, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯანო ანანიძის ფამაგუსტის „ანორთოსისში” გადასვლა გიორგი ლორიას დამსახურებაც არის.
კვიპროსული გამოცემის ინფორმაციით, მოსკოვის „სპარტაკის“ ქართველი ნახევარმცველი ამ ტრანსფერზე, თემურ ქეცბაიასთან ერთად, საქართველოს ნაკრების მეკარემაც დაითანხმა.
„ანანიძე მოსკოვის „სპარტაკში“ 2009 წლიდან თამაშობს და მაღალი დონის მოთამაშეა. მისი გადაბირება რუსულ, თურქულ და ბერძნულ კლუბებს სურდათ, მაგრამ ეს თემურ ქეცბაიამ მოახერხა. მან 27 წლის მოთამაშე ამ ნაბიჯის აუცილებლობაში დარწმუნა. ქეცბაია ერთადერთი არ იყო, ვინც ტექნიკურ ქართველ ნახევარმცველს „ანორთოსისა” და კვიპროსის ფეხბურთის შესახებ ინფორმაციებს აცნობდა. ანანიძის გადაბირებაში მნიშვნელოვანი როლი გიორგი ლორიამ შეასრულა, რომელსაც ჯანო თითქმის ბრმად ენდობა. ისინი ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობენ და უახლოესი მეგობრები არიან. 34 წლის მეკარე ელაპარაკა ქეცბაიას და ანანიძესაც ურჩია, რომ კლუბში გადასულიყო. როგორც ჩანს, ლორიას სიტყვებმა იმოქმედა“ – წერს “სიგმალაივი”
ჯანო ანანიძემ ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ კონტრაქტი 22 იანვარს გააფორმა – ის გუნდში ზაფხულამდე ითამაშებს.