კვიპროსული გამოცემა – „ანორთოსისს“ სამი ქულა ლორიამ გადაურჩინა
კვიპროსული გამოცემა – „ანორთოსისს“ სამი ქულა ლორიამ გადაურჩინა

გიორგი ლორიამ დიდი როლი ითამაშა კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისის“ მოგებაში, – ამის შესახებ კვიპროსული გამოცემა „სიგმალაივი“ წერს.

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ საშინაო არენაზე „პაფოსი“ 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა. თუმცა, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილებისთვის ეს იოლი მატჩი არ იყო და საქართველოს ნაკრების მეკარეს კლასის ჩვენება რამდენჯერმე მოუხდა.

„გიორგი ლორიამ შესანიშნავად ითამაშა „ანორთოსისის“ შემადგენლობაში და მასპინძლების გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა. მან სამი ისეთი სეივი განახორციელა, რომელმაც „პაფოსს“ „ანტონის პაპადოპულოს არენაზე“ გატანის შანსი არ მისცა“, – წერს გამოცემა „სიგმალაივი“.

გიორგი ლორიამ შეხვედრა მართლაც უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მე-4 წუთზე „პაფოსმა“ მწვავე კონტრშეტევა განახორციელა, მაგრამ ლორიამ ონი ვალაკარის სახიფათო დარტყმა მოიგერია. სამ წუთში მასთან პირისპირ მეტოქის თავდამსხმელი ბრაიან ანგულო დარჩა და გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ლორიამ ორიოდე მეტრიდან დარტყმულ ბურთზე საოცარი რეაქცია გამოავლინა და ფამაგუსტელები აშკარა გოლისგან იხსნა. 32-ე წუთზე ქართველი კიპერი კევინ ბერიგუდის შეტევასაც გადაეღობა და ვითარება განმუხტა. 84-ე წუთზე ლორია კიდევ ერთ სახიფათო დარტყმას გადაეღობა, რომელიც მარსელო ტორესმა განავითარა – ქართველმა მეკარემ კვლავ საიმედოდ ითამაშა.