კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისის“ „არწივი“ 100-იანთა კლუბს უახლოვდება
კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისის“ „არწივი“ 100-იანთა კლუბს უახლოვდება

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში „კარმიოტისი“ 2:1 დაამარცხა, გიორგი ქვილითაიამ კი მორიგი გოლი გაიტანა და „100-იანთა კლუბს“ მიუახლოვდა.

გიორგი ქვილითაიამ 18 მატჩში 12 გოლი გაიტანა და კვიპროსის სუპერლიგის ბომბარდირთა დავაში ფრანგ ნიკოლას დიგიუნს („აპოლონი“) და ჩრდილომაკედონიელ ბერატ სადიკს („დოქსა“) დაეწია.

თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა თავის კარიერაში 92-ე გოლი გაიტანა და „100-იანთა კლუბს“ (ვინც კარიერაში 100 გოლი გაიტანა) სულ რვა გოლი აშორებს.

გამოცემა „სიგმალაივში“ გამოქვეყნებულ წერილში, სადაც ქვილითაია „ანორთოსისის“ „არწივად“ და „ტუზად“ მონათლეს, გამოითქვა ვარაუდი, რომ 27 წლის ქართველი ამ შედეგის მიღწევას მიმდინარე სეზონშიც შეძლებს.

„გიორგი ქვილითაია კვიპროსის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. „ანორთოსისის“ 27 წლის თავდამსხმელი გოლების გატანის უნარით არის გამორჩეული. ის თემურ ქეცბაიასთვის ბრილიანტია. ამჟამად, „ანორთოსისის“ „ტუზი“ შესანიშნავ ფორმაშია. ქართველ თავდამსხმელს, რომელსაც ახლა ბევრი გუნდი ინატრებს, იოლად გააქვს. მან ქეცბაიასთან ფრთები გაშალა – გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში გატანილი 34 გოლიდან 12 მის ანგარიშზეა. ამიტომაა, ყოველდღე მის მიმართ გულშემატკივრებისა და სპეციალისტების საუკეთესო კომენტარები რომ ისმის. თავის ცხრაწლიან კარიერაში გიორგიმ 92 გოლი გაიტანა, „ანორთოსისის“ არწივი 100 გოლს უახლოვდება. მისი ფორმისა და აღებული ტემპის გათვალისწინებით, ეს სულაც არ იქნება რთული. სავარაუდოდ, ქვილითაია ამ ზღვარს სეზონის ბოლომდე მიაღწევს“, – წერს „სიგმალაივი“.