კვიპროსში თემურ ქეცბაიას აკრიტიკებენ - ნაკრებმა ჯგუფი ჩააგდო, ქვეყანა შეურაცხყოფილია #1TVSPORT
კვიპროსში თემურ ქეცბაიას აკრიტიკებენ - ნაკრებმა ჯგუფი ჩააგდო, ქვეყანა შეურაცხყოფილია #1TVSPORT

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, გიორგოს ფანტაროსმა SPOR FM-თან საუბარში ეროვნულ ნაკრებში შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა და გუნდის ქართველი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ქვეყნის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.

ეს განცხადება ესპანეთთან 1:3 წაგების შემდეგ თემურ ქეცბაიას გულახდილ კომენტარს მოჰყვა, სადაც ქართველმა სპეციალისტმა თქვა, რომ ასეთი დონის მეტოქესთან მოგება და შემტევი ფეხბურთის თამაში წარმოუდგენელია.

„ზოგს არ ესმის, რაზე ვსაუბრობთ. ამ მომენტს ველოდი და ვისაუბრებ არა როგორც გენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც მრავალი წელია, ფეხბურთშია.

ვწუხვართ ბატონი ქეცბაიას განცხადებების გამო. საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც ვერ ეგუება კრიტიკას და ცდილობს, ბურთი სხვა მიმართულებით ისროლოს. ის გვაიძულებს, პირდაპირ ვუთხრათ, შესარჩევი ციკლი გუნდმა როგორ ჩააგდო. მან ფეხბურთელების ფსიქოლოგიასაც ვერაფერი მოუხერხა.

როცა ისეთ განცხადებები მესმის, თითქოს ყველა და ყველაფერია დამნაშავეა და არა ის, ამის ატანა არ შემიძლია, ჩვენი ნაკრები ტრაგიკულ წერტილამდე მივიდა. ნებისმიერმა, ვინც ეროვნულ გუნდთან ასოცირდება, გადადგომაზე განცხადება უნდა დაწეროს. ეს ეხება ფედერაციის ხელმძღვანელობას და თავად ბატონ ქეცბაიას.

ჩვენ უნდა შევქმნათ სპეციალური კომისია. გვყავს მცოდნე ხალხი, ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები და მწვრთნელები, ასევე გვჭირდება ფსიქოლოგი. როდესაც ჰიმნი ისმის, შეხედეთ ჩვენი და სხვა ქვეყნების ფეხბურთელების სახეებს. არ ვამბობ, რომ მათ ქვეყანა არ უყვართ, მაგრამ მოტივაცია სჭირდებათ.

ქეცბაიას დანიშვნისას მისი გვჯეროდა. როგორც ჩანს, მისმა მეთოდებმა არ გაამართლა. ახლა ქეცბაიას შემცვლელი რომ მოვიყვანოთ, იგივე დაგვემართება. ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ და ფეხბურთელები გავზარდოთ. განვითარების მოდელი, რომელსაც ვიყენებდით, გაკოტრდა. განაწყენებულები და შეურაცხყოფილები ვართ, ეს არ შეიძლება გაგრძელდეს“, – ამბობს გიორგოს ფანტაროსი.