კვიპროსში ქართველების დაპირისპირება „აპოელმა“ მოიგო #1TVSPORT
კვიპროსში ქართველების დაპირისპირება „აპოელმა“ მოიგო #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი ფეხბურთელების გუნდების დაპირისპირება კვიპროსში გაიმართა – „აპოელმა“ ყაზახურ „ყიზილ ჯარას“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

მასპინძელთაგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მურთაზ დაუშვილი იყო, რომელიც 74-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი ქვილითაიამ ტრავმის შემდეგ ახლა დაიწყო სრული დატვირთვით ვარჯიში, ხოლო ლაშა დვალი ჯერ „აპოელის“ საევროპო განაცხადში არ არის. ყაზახების შემადგენლობაში გუჯა ლობჯანიძემ (90+3-ე წუთამდე) ითამაშა, ხოლო გიორგი ივანიაძე სათადარიგოებში დარჩა.

სამწუხაროდ, ვაკო გვილია ტრავმირებულია და ვერ დაეხმარა პოლონურ „რაკოვს“, რომელმაც გასვლაზე სლოვაკეთის წარმომადგენელი, ტრნავას „სპარტაკი“ 0:2 დაამარცხა და პლეიოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

კვლავ არადამაჯერებელია პოზნანის „ლეხი“, რომელიც ისლანდიაში „ვიკინგურს“ ესტუმრა და 1:0 დამარცხდა. პოლონეთის ჩემპიონის ფორმით ქართველი ფეხბურთელები – ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი მხოლოდ 61-ე წუთზე გამოჩნდნენ.

კონფერენს-ლიგის განმეორებითი მატჩები 10 და 11 აგვისტოს გაიმართება.