კვიპროსში ქართული დუელი არ შედგა - „აპოელი“ „დოქსას“ დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში ავთო ებრალიძის „დოქსამ“ „აპოელს“ უმასპიძლა, რომელშიც სამი ქართველი თამაშობს. მატჩი 2:2 დასრულდა.

ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ქვილითაიამ ითამაშა, რომელიც „აპოელის“ ძირითადში იყო და 90 წუთი შეუცვლელად ჩაატარა. თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი და ავთო ებრალიძე კი ტრავმების გამო ისვენებდნენ.

აღსანიშნავია, რომ 63-ე წუთზე VAR-ის გამოყენებით გაუქმდა „აპოელის“ გოლი. ქვილითაიას დარტყმის შემდეგ, ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ლუკას სოუზამ გაიტანა, მაგრამ ეს მომენტი შემოწმდა და გოლი არ ჩაითვალა, რადგან ქართველი ბურთის მიღებისას თამაშგარეში იყო.

ამას გარდა, VAR-მა ქვილითაიას კიდევ ერთი მომენტი განიხილა, რომელსაც „აპოელი“ აპროტესტებდა. ნიქოზიელებმა საჯარიმოში ქვილითაიას წაქცევის შემდეგ პენალტი მოითხოვეს, მაგრამ ვიდეოზე გადამოწმების შემდეგ მსაჯის აზრით, წესის დარღვევა არ იყო.

ამავე ტურში ლიმასოლის „აპოლონმა“ გასვლაზე აეკ-ი 2:0 დაამარცხა. გიორგი პაპუნაშვილი განაცხადში იყო და არ უთამაშია, რეზი ინჯგია განაცხადში მცირე ტრავმის გამო ვერ მოხვდა.

7 ტურის შემდეგ „აპოლონმა“ 18 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა. „აპოელმა“, რომელმაც მეექვსეზე აინაცვლა (10 ქულა), თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ მე-7 პოზიციაზე დააქვეითა, ხოლო „დოქსა“ (7) მე-11 ადგილზეა.