კვიპროსის ჩემპიონი გიორგი ქვილითაიას იწვევს, ლაშა დვალმა ევროპული კლუბები დააინტერესა #1TVSPORT
კვიპროსის ჩემპიონი გიორგი ქვილითაიას იწვევს, ლაშა დვალმა ევროპული კლუბები დააინტერესა #1TVSPORT

აპოელ-ის ქართველ კაპიტანს, გიორგი ქვილითაიას კვიპროსის ჩემპიონი „არისი“ იწვევს, ხოლო ლაშა დვალით ევროპული კლუბები დაინტერესდნენ – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ განაცხადა.

„გიორგი ქვილითაიასა და ლაშა დვალს უკვე აქვთ საინტერესო შეთავაზებები. ქვილითაიათი კვიპროსის თითქმის ყველა წამყვანი კლუბი დაინტერესდა და კლუბების პრეზიდენტებიც ესაუბრნენ. პირადად მე კვიპროსის ჩემპიონის, „არისის“ პრეზიდენტს ველაპარაკე. სხვა ქვეყნებიდანაც დაგვიკავშირდნენ, რამდენიმე დღის წინ გიორგის თურქეთიდან დაურეკეს, მაგრამ აპოელ-თან კონტრაქტი აკავშირებს და ჯერ არ ვიცით, ეს ამბავი როგორ დასრულდება.

ლაშა დვალმა ტრავმებითა და კორონავირუსით გამოწვეული რთული პერიოდი უკან მოიტოვა და აპოელ-ში ისე ითამაშა, ყველამ ნახა, რა შეუძლია. დვალით ევროპის რამდენიმე ქვეყნის გუნდი დაინტერსდა. ამ შემთხვევაშიც პრობლემა ის არის, რომ კვიპროსელებთან მასაც კონტრაქტი აქვს და ტრანსფერის მსურველმა კლუბმა გარკვეული თანხა უნდა გადაიხადოს. ყველაფერი ერთ თვეში გაირკვევა“, – ამბობს ლაშა ოდილაძე.

შეგახსენებთ, რომ აპოელ-ი დასრულებულ სეზონში კვიპროსის ვიცე-ჩემპიონი გახდა და ზაფხულში კონფერენსლიგაზე ითამაშებს.