კვიპროსის „აპოელმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო - გიორგი ქვილითაიას გოლი არ ჩაუთვალეს #1TVSPORT
კვიპროსის „აპოელმა“ ზედიზედ მეოთხე მატჩი ვერ მოიგო - გიორგი ქვილითაიას გოლი არ ჩაუთვალეს #1TVSPORT

ქართული სამეულის „აპოელი“ კვიპროსის ჩემპიონატში „აპოლონს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. საჩემპიონო ჯგუფში ჩატარებულ წინა სამ ტურში ქართველების გუნდმა თამაში ვერ მოიგო და ნავსის გატეხვას საშინაო შეხვედრაში იმედოვნებდა.

„აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი ქვილითაია იყო, ლაშა დვალი და მურთაზ დაუშვილი თამაშის ბოლომდე მატჩს სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდნენ თვალს.

„აპოელმა“ მე-6 წუთზე გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გოლი გააუქმა, რადგან მასპინძელთა ქართველ კაპიტანს, ქვილითაიას ხელით თამაში დაუფიქსირდა. 23-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველის, ხარლამპოს კირიაკუს დარტყმით „აპოლონმა“ ტაიმი 1:0 მოიგო.

მეორე ნახევარში „აპოელის“ მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო 86-ე წუთზე „აპოლონის“ უპირატესობა იოანის პიტასმა გაზარდა. 90-ე წუთზე მასპინძლებს მეორე გოლიც არ ჩაუთვალეს (თამაშგარე დაფიქსირდა) და საბოლოოდ „აპოელი“ დამარცხდა – 0:2.

„აპოელი“ 62 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, მაგრამ ტურის შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებია მის კონკურენტ „არისს“ (60 ქულა), რომელიც მოგების შემთხვევაში პირველ ადგილზე გადავა.