კვიპროსიდან სამხრეთ კორეაში - ოქრიაშვილი „ჩონბუკში“ ითამაშებს #1TVSPORT
თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში განაგრძობს – „აპოელიდან“ წამოსული 30 წლის შემტევი ნახევარმცველი აზიური ქვეყნის ჩემპიონ „ჩონბუკში“ ჩაირიცხა.
ტრანსფერი სამხრეთკორეული კლუბის პრეს-სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა და ქართველ ფეხბურთელს მიესალმა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება მწვანეებში – მოგესალმებით „ჩონბუკში“ თორნიკე ოქრიაშვილი“.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილამდე სამხრეთ კორეის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი გადავიდა და „ჩონბუკის“ კონკურენტ „ულსანში“ თამაშობს. რანგით მეორე ლიგის „ჯეონმანში“ კი ასევე კვიპროსიდან წასული ნიკა კაჭარავა ჩაირიცხა.
თორნიკე ოქრიაშვილი გასულ სეზონში „აპოელში“ თამაშობდა, მაგრამ სეზონის ბოლოს კონტრაქტი გაწყვიტა და უგნუდოდ იყო დარჩენილი. კვიპროსიდან წამოსვლის მიზეზი მისი ტრავმიანობა იყო. ახლა კი აზიელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
თორნიკე ოქრიაშვილი საფეხბურთო სკოლა „ოლიმპში“ იზრდებოდა. საკლუბო კარიერა დაიწყო რუსთავის „ოლიმპის“ ახალგაზრდულ გუნდში. 2008 წლიდან „გაგრაში“ გადავიდა. 2010 წლის ბოლოს ოქრიაშვილი ნახევარწლიანი იჯარით აიყვანა დონეცკის „შახტარმა“, მისი სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვის პირობით და იჯარაში 1 მილიონი ევრო გადაიხადა.
2011 წლის იანვარში თორნიკე იჯარით აიყვანა მარიუპოლის „ილიჩევეცმა“, 2014 წლის 28 ივლისს კი კონტრაქტი გააფორმა ბელგიურ „გენკთან“. 2016 წლის იანვრიდან ნახევარწლიანი იჯარით შეუერთდა თურქულ საფეხბურთო კლუბ „ესქიშეჰირსფორს“.
ოქრიაშვილის სანაკრებო დებიუტი 2010 წლის 17 ნოემბერს შედგა სლოვენიასთან სტუმრად 2:1 მოგებულ ამხანაგურ მატჩში. სულ 46 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი.