კვიპროსელთა ოპტიმალური გადაწყვეტილება - მინიმალური ხელფასები არ შემცირდება
კვიპროსელთა ოპტიმალური გადაწყვეტილება - მინიმალური ხელფასები არ შემცირდება

კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციამ და ფეხბურთელთა პროფესიულმა კავშირმა ოპტიმალურ შეთანხმებას მიაღწიეს – ხელფასები არ შეუმცირდებათ მათ, ვინც მინიმალურ ანაზღაურებას იღებს.

საქმე ისაა, რომ ერთი თვეა მიმდინარეობს კამათი იმის შესახებ, კვიპროსის ჩემპიონატში ფეხბურთელებს რამდენი პროცენტით უნდა შეუმცირონ ხელფასები. ლაპარაკია მარტიდან აპრილამდე მისაღები თანხის 23 ან 25 პროცენტზე – ასეთია კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციის მოთხოვნა.

მას მოთამაშეთა გაერთიანება არ თანხმდება, სადაც აცხადებენ, რომ წინადადება კლუბების რეალურ ფინანსურ ზარალს არ ასახავს.

ამ დავას წერილი „საიპრუსმეილ“-მა (cyprus-mail) მიუძღვნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ შემცირება მინიმალური ხელფასის მქონე მოთამაშეებს არ შეეხება.

„განხილვაში აქტიურად ჩაერთო ფეხბურთელთა საერთაშორისო პროფესიული გაერთიანება (FIFpro). თუმცა, ცნობილია, რომ კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციამ მოთამაშეთა კავშირს 23 პროცენტით იმ მოთამაშეების ხელფასების შემცირება შესთავაზა, რომლებიც თვეში 2000 ევროზე მეტს იღებენ,“ – წერს „საიპრუსმეილი“.

კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციის ეს წინადადება დანარჩენი ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, მისაბაძი უნდა იყოს. ჩვენთან გაცილებით მეტი ფეხბურთელია, რომლებიც 400-500 ლარს რომ იღებენ და ხელფასების შემცირება მათ უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდებს.