კვერნაძის მეოთხე გოლი სერია B-ში – „ფროზინონე“ სერია A-ს უახლოვდება [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი კვერნაძემ იტალიაში მორიგი გოლი გაიტანა და „ფროზინონეს“ „აველინოსთან“ გასვლითი მატჩის მოგებაში დაეხმარა – 3:1.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ფროზინონეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 85 წუთი ითამაშა და მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა. სტუმრებმა უპირატესობა კიდევ უფრო განავითარეს და საბოლოოდ დამაჯერებლად გაიმარჯვეს.
სერია B-ში ჩატარებული 24 ტურის შემდეგ „ფროზინონე“ 49 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, ლიდერ „ვენეციას“ მხოლოდ ქულით ჩამორჩება და სეზონის დასრულებამდე 14 ტურით ადრე სერია A-ში დაბრუნების მშვენიერი შანსი აქვს.
კვერნაძე იტალიაში გადასვლის შემდეგ საუკეთესო სეზონს ატარებს – „ჯვაროსნების“ 22 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.