კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს
კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნიკა კვეკვესკირი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველის ახალი კლუბი ბუდაპეშტის „ჰონვედი“ იქნება.

ჰონვედი“ ყველაზე ცნობილი უნგრული კლუბია, რომლის ღირსებასაც უნგრული ფეხბურთის ლეგენდები, ფერენც პუშკაში, სანდორ კოშიჩი, დიულა გროშიჩი, ზოლტან ციბორი, ლასლო ბუდაი და დიულა ლორანტი იცავდნენ. ბუდაპეშტის გუნდი უნგრეთის 14-გზის ჩემპიონია, მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში 18 ქულით მე-10 ადგილზეა.

თავად კლუბი და საერთაშორისო მედია ჯერ ამ ტრანსფერს არ ადასტურებენ. მიზეზი ისაა, რომ კვეკვესკირი და კლუბი კონტრაქტზე სიტყვიერად შეთანხმდნენ, მაგრამ ჯერ ხელშეკრულება ოფიციალურად არ გაფორმებულა.

ნიკა ბოლოს ყაზახეთის პრემიერლიგის კოსტანაისტობოლში“ თამაშობდა. კარიერა 2009 წელს 16 წლის ასაკში ზუგდიდის „ბაიაში“ დაიწყო. უთამაშია „დინამო თბილისში“, „ცხინვალში“, გორის „დილაში“, ბაქოს „ინტერსა“ და „გაბალაში“. საქართველოს ნაკრებში 25 მატჩი ჩაატარა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა „ტობოლი“ 2020 წლის დეკემბერში დატოვა – მას ხელშეკრულების ვადა დაუსრულდა კლუბთან, სადაც 2017 წლის ივნისიდან გამოდიოდა.