კვარაცხელიას უგოლო მატჩი, კვირკველიას დაბრუნება და ბოლო წლების რეკორდი
კვარაცხელიას უგოლო მატჩი, კვირკველიას დაბრუნება და ბოლო წლების რეკორდი

რუსეთის პრემიერლიგაში 24-ე ტური დასრულდა, რომელიც იმით იყო საინტერესო, რომ სულ ცხრა ქართველმა ითამაშა, რაც ბოლო წლების რეკორდია.

ყველაზე საინტერესი ყაზანში გამართული დაპირისპირება იყო, რადგან ორივე გუნდში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ითამაშეს. ყაზანში „რუბინმა“ მოსკოვის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელია ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს, მან სულ 10 წუთი ითამაშა ზუკა დავითაშვილთან ერთად, რომელიც მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა. საბა კვირკველია „ლოკომოტივში“ ასევე შეცვლაზე, 84-ე წუთზე გამოჩნდა. სეზონის განახლების შემდეგ ეს საქართველოს ნაკრების მცველის პირველი მატჩი იყო.

გია გრიგალავას ტულის „არსენალი“ „როსტოვს“ ესტუმრა – კლუბს, სადაც ის გაიზარდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ქართველმა მცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

მოსკოვის „სპარტაკმა“ „უფას“ უმასპინძლა და ვერაფერს გახდა – 0: 0. საქართველოს ნაკრების მცველმა ჯიმი ტაბიძემ სტუმართა ფორმით შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ნიკოლოზ გიორგობიანი მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა.

„ტამბოვი“ გასვლაზე „ურალთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა. სტუმრებს მეკარე გიორგი შელია კაპიტნობდა, გიორგი მელქაძემ შეუცვლელად ითამაშა, დისკვალიფიცირებული გურამ თეთრაშვილი განაცხადშიც არ იყო, ხოლო ვლადიმერ კობახიძე სათადარიგოებში დარჩა.

მოსკოვის „დინამოსა“ და ცსკა-ს მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა კონსტანტინე მარადაშვილმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა. გოჩა გოგრიჭიანი კი განაცხადში არ იყო.