კვარაცხელიას ტრანსფერს რუსეთში მინისტრიც განიხილავს - წლის აღმოჩენის ევროპულ გრანდში გადასვლა კარგი იქნება #1TVSPORT
კვარაცხელიას ტრანსფერს რუსეთში მინისტრიც განიხილავს - წლის აღმოჩენის ევროპულ გრანდში გადასვლა კარგი იქნება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერმა მოულოდნელი მიმართულება მიიღო – საკითხის განხილვაში თათრეთის სპორტის მინისტრი ვლადიმირ ლეონოვი ჩაერთო.

„ვფიქრობ, არამარტო ჩემი, არამედ გულშემატკივრების უმრავლესობის სურვილია, რომ კვარაცხელია „რუბინში“ დარჩეს. ეს ბიჭი აღმოჩენა და სეზონის მოთამაშეა. სასიამოვნოა, რომ მან ყაზანში თავი გამოიჩინა. ის თავად კარგი, დადებითი ბიჭია. შემდეგი გადაწყვეტილება მასზეა დამოკიდებული. თუ ევროპულ გრანდში ითამაშებს, მისთვის კარგი იქნება. კლუბის გენერალური მენეჯერის სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის ამ სეზონში ნამდვილად ჩვენთან ითამაშებს. გარდა ამისა, ვფიქრობ, გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებენ, „რუბინი” სეზონს როგორ დაასრულებს“, – თქვა ლეონოვმა „არ-სპორტთან“ (R-Sport) ინტერვიუში.

20 წლის ქართველი თავდამსხმელი ყაზანურ კლუბში 2019 წლიდან თამაშობს. „რუბინში“ 2019 წელს მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „რუბინის“ ფორმით ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ოთხი გოლი, გააკეთა ოთხი საგოლე პასი და ხუთჯერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.