კვარაცხელიას შესანიშნავი დებიუტი - გოლი ყოფილი გუნდის კარში [ვიდეო]

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინის“ ფორმით ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა. 18 წლის ქართველმა თავდამსხმელმა თავი რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში გამოიჩინა.

„რუბინი“ მოსკოვში რუსეთის ვიცე-ჩემპიონს, „ლოკომოტივს“ ესტუმრა, სადაც საბა კვირკველიას არ უთამაშია. ყაზანელთა ძირითად შემადგენლობაში ზუკა დავითაშვილი იყო, რომელიც 66-ე წუთზე კვარაცხელიამ შეცვალა. ყაზანელთა სათადარიგოებში იყო ბექა მიქელთაძე, რომელსაც არ უთამაშია.

მასპინძლებმა კვარაცხელიას შესვლის დროს ანგარიში ალექსანდრე მირანჩუკის გოლით გახსნეს, მაგრამ 76-ე წუთზე საქართველოს ნაკრების 18 წლის ფეხბურთელმა თავური დარტყმით „ლოკომოტივის“ კარი აიღო და როგორც შემდეგ გაირკვა, „რუბინს“ სეზონში პირველი ქულა მოუტანა – 1:1.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ სწორედ „ლოკომოტივიდან“ გადავიდა, რამაც რუსეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ყოფილი კლუბის მიმართ პატივისცემის ნიშნად, კვარაცხელიამ გოლზე ხელი ასწია და არ აღნიშნა.