კვარაცხელიას შემდეგ ნაკრებს ლობჟანიძეც დააკლდა - ბათუმის ახალ სტადიონზე „ჯვაროსნებმა“ პირველად ივარჯიშეს #1TVSPORT
კვარაცხელიას შემდეგ ნაკრებს ლობჟანიძეც დააკლდა - ბათუმის ახალ სტადიონზე „ჯვაროსნებმა“ პირველად ივარჯიშეს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში კოსოვოს მხარის ნაკრებს დაუპირისპირდება. 1 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა ბათუმი არენაზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა.

საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სამწუხარო ფაქტია – ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, გუნდს საბა ლობჟანიძეც დააკლდა. თურქული „ჰატაისპორის“ შემტევი ნახევარმცველი მატჩს ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გამოტოვებს.

საქართველოსა და კოსოვოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 2 სექტემბერს 20:00 საათზე ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება. ქვეყანაში არსებული კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 8 სექტემბერს სოფიაში ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. სამივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.