კვარაცხელიას „ნაპოლისა“ და სერია A-ს შანსი - იტალიური კლუბების სატელევიზიო შემოსავლები მკვეთრად იზრდება, მაგრამ მაინც უკაყოფილოები არიან #1TVSPORT
კვარაცხელიას „ნაპოლისა“ და სერია A-ს შანსი - იტალიური კლუბების სატელევიზიო შემოსავლები მკვეთრად იზრდება, მაგრამ მაინც უკაყოფილოები არიან #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისა“ და იტალიურ კლუბებს ევროპის წამყვან კლუბებთან ფინანსური ჩამორჩენის შემცირების რეალური შანსი გაუჩნდათ – მათ სატელევიზიო უფლებებში ყოველწლიურად ნახევარი მილიარდით მეტ თანხას სთავაზობენ – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

„ტელეკომპანიებმა სერია A-ს კლუბებს სატელევიზიო უფლებებზე შეთავაზება გაუზარდეს. მოლაპარაკებები გასაიდუმლოებულია, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად მეტ თანხას სთავაზობენ.

DAZN Group-მა, Mediaset-მა და და SKY Italia-მ იტალიის ჩემპიონატის მაუწყებლობისთვის შეთავაზება საგრძნობლად გაზარდეს – უახლოესი ხუთი სეზონის განმავლობაში ლიგა მინიმუმ 4,5 მილიარდ ევროს მიიღებს. ლენ ბლავატნიკის (ოდესაში დაბადებული ბიზნესმენი, ამერიკის მოქალაქე) მიერ დაარსებული DAZN Group-ი სერია A-ს სეზონზე მინიმუმ 700 მილიონი ევროს გარანტირებულ შემოსავალს სთავაზობს, ხოლო SKY Italia – დაახლოებით 200 მილიონ ევროს. სერია A-ს ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას 23 ოქტომბერს მიიღებს და სავარაუდოდ, ახალი პარტნიორი ცნობილი გახდება“, – ამტკიცებს Bloomberg.

primaonline-ის ინფორმაციით, გაზრდილი წინადადებების მიუხედავად, კლუბები უკმაყოფილოები არიან და შემოსავლების 900 მილიონამდე გაზრდას ითხოვენ.

„გამოჩნდნენ უკმაყოფილო პრეზიდენტები, რომლებიც მეტ თანხას ითხოვენ – მათ შორის არიან „ფიორენტინას“, „ნაპოლისა“ და „სალერნიტანას“ ხელმძღვანელები. „ფროსინონეს“ პრეზიდენტმა, მაურიციო სტერპიმ არ დამალა, რომ შეთავაზებით უკმაყოფილოა. „სალერნიტანას“ პრეზიდენტმა დანილო იერვოლინომ კი ისაუბრა, რომ DAZN Group-ისა და Sky-ის ახალ წინადადებას რამდენიმე კლუბი ეწინააღმდეგება“, – წერს primaonline.

„მაუწყებლების შეთავაზება ძალიან, ძალიან დაბალია და ამიტომ არ მაკმაყოფილებს, ისევე როგორც სხვა გუნდებს. ვემხრობი სერია A-ს დამოუკიდებელი არხის შექმნას. მიმაჩნია, რომ ეს იქნება თანამედროვეობის შესაბამისი გადაწყვეტილება. DAZN-ისა და Sky-ის შეთავაზებები დამაკმაყოფილებელი არ არის. ჩვენ, „ფიორენტინამ“ და „ნაპოლიმ“ მკაფიოდ გამოვთქვით ჩვენი აზრი დამოუკიდებელი არხის სასარგებლოდ, რადგან იტალიის ჩემპიონატი იმსახურებს, რომ ტელეპარტნიორებმა სეზონში მინიმუმ 900-950 მილიონი ევრო გადაიხადონ“, – აცხადებს „სალერნიტანას“ პრეზიდენტი.