კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკლუბო რეკორდი დაამყარა - სპალეტიმ ზედიზედ 11 მატჩი ორ სხვადასხვა გუნდში მოიგო #1TVSPORT
კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკლუბო რეკორდი დაამყარა - სპალეტიმ ზედიზედ 11 მატჩი ორ სხვადასხვა გუნდში მოიგო #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე „ნაპოლიმ“ „უდინეზესთან“ 3:2 გაიმარჯვა. ნეაპოლელთა მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი სერია A-ს რეკორდსმენი გახდა – ამის შესახებ ჟურნალისტი ფაბრიციო ფერარი Twitter-ზე წერს.

„ლუჩანო სპალეტი იყო პირველი მწვრთნელი, რომელმაც სერია A-ში ზედიზედ 11 თამაში მოიგო, ეს „რომასთან“ ერთად 2005-06 წლების სეზონში მოახერხა. „ნაპოლის“ მე-11 მოგებით კი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელსაც 11-მატჩიანი მოგებების სერია ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად აქვს“ – წერს ფაბრიციო ფერარი.

ნაპოლიმ“ ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურში „უდინეზე“ 3:2 დაამარცხა და 15 ტურში მე-13 გამარჯვება იზეიმა, სპალეტის გუნდმა ზედიზედ მოიგო 11 თამაში. ნეაპოლელებისთვის სერია A-ს ისტორიაში ეს საუკეთესო დასაწყისია. ოსიმენისა და მისი თანაგუნდელების მიერ სეზონის კაშკაშა სტარტი ლუჩანო სპალეტის დამსახურებაა, რომელმაც კრიტიკოსები გააჩუმა. სპალეტიმ სრულყოფილი გუნდი ახალი მოთამაშეებით შექმნა, როგორებიც არიან კვარაცხელია, კიმი, რასპადორი…“- ამაზე „არეანაპოლი“ წერს.

მსოფლიო ჩემპიონატის გამო, სერიაში A-ში, 4 იანვრამდე შესვენებაა. საშემოდგომო ეტაპი „ნაპოლიმ“ შესანიშნავად დაასრულა და კონკურენტებთან სოლიდური უპირატესობა აქვს – 15 ტურში მოპოვებული 41 ქულით გუნდი პირველ ადგილზეა და „ლაციოსა“ და „მილანს“ (მათ ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული) 11 ქულით უსწრებს.