კვარაცხელიას „ნაპოლი“ „სტადიო მარადონაზე“ ისევ დამარცხდა #1TVSPORT
კვარაცხელიას „ნაპოლი“ „სტადიო მარადონაზე“ ისევ დამარცხდა #1TVSPORT

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე „ემპოლის“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

ბოლო პერიოდში პირველად, ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია თამაში ხვიჩა კვარაცხელიას. მასთან ერთად რუდი გარსიამ სათადარიგოთა შორის დატოვა პიოტრ ზელინსკიც. ამ გადაწყვეტილების მიზეზი მწვრთნელმა თამაშამდე SKY Sports-თან მოკლე კომენტარის დროს განმარტა და აღნიშნა, რომ კვარაცხელიასა და ზელინსკის დასვენების საშუალება მისცა.

იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის მატჩში, რომელიც „სტადიო მარადონაზე“ გაიმართა, „ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტების შექმნა უჭირდა, „ემპოლი“ თავს კარგად იცავდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

რუდი გარსიამ კვარაცხელია მოედანზე 54-ე წუთზე შეუშვა და ქართველმა ხუთ წუთში პირველი სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ მის დარტყმულს მცველი გადაეღობა და სტუმრები ხიფათისგან იხსნა.

ხვიჩამ მარცხენა ფლანგიდან თამაში რამდენჯერმე გაამწვავა – ჯერ ლინდსტრიომი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, მერე თავადაც სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ „ემპოლი“ მეკარე ეტრიტ ბერიშამ გადაარჩინა. ხვიჩას 89-ე წუთზეც შეეძლო გატანა, მაგრამ ბერიშას კვლავ ვერ აჯობა.

მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი „ემპოლის“ უკრაინელმა ლეგიონერმა, ვიქტორ კოვალენკომ შესანიშნავი გოლი გაიტანა და „ემპოლის“ სამი ქულა მოუტანა.

იტალიის სერია A-ში გამართული 12 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 21 ქულა დარჩა, „მილანს“ (23) ვერ გადაასწრო და მეოთხე ადგილზეა.