კვარაცხელიას მორიგი გოლი - ხვიჩამ „ატალანტასთან“ ანგარიში გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ლიდერი ამ მატჩამდე სერია A-ს თებერვლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს და პირვცელი მოთამაშე გახდა, ვინც EA Sports-ის თვის ფეხბურთელი წოდება ერთ სეზონში მეორედ (პირველად – აგვისტორში) მოიგო.

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის მატჩი ხვიჩამ, ტრადიციულად, მარცხენა შემტევის როლში დაიწყო და პირველად 27-ე წუთზე გაიბრწყინა – ფლანგზე მცველი ჩამოიშორა და კარში დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია და „ატალანტა“ გადაარჩინა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ კვარაცხელიამ შესვენების შემდეგაც სცადა გატანა, მაგრამ კარს ააცილა.

მე-60 წუთზე კი ხვიჩამ ისევ გაიბრწყინა და „სტადიო მარადონაზე“ შეკრებილი გულშემატკივრები, ისევე როგორც საქართველო, მორიგი შედევრით გაახარა – შესანიშნავი მოძრაობებით საჯარიმოში რამდენიმე მცველს თავბრუ დაახვია და ანგარიში გახსნა.