კვარაცხელიას მოპოვებული პენალტი ოსიმენმა ვერ გამოიყენა - „ნაპოლი“ „ბოლონიას“ დაუზავდა #1TVSPORT
კვარაცხელიას მოპოვებული პენალტი ოსიმენმა ვერ გამოიყენა - „ნაპოლი“ „ბოლონიას“ დაუზავდა #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა „ნაპოლიში“, რომელმაც „ბოლონიასთან“ გასვლითი შეხვედრა 0:0 დაასრულა.

„სტადიო რენატო დალ არაზე“ გამართულ მეხუთე ტურის შეხვედრაში ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, მიუხედავად იტალიურ მედიაში გავრცელებული ვარაუდებისა, რომ ამჯერად „ნაპოლის“ მწვრთნელი რუდი გარსია შეცვლაზე ათამაშებდა.

ხვიჩა კვარაცხელია ძალიან მონდომებული იყო, დაცვასაც ეხმარებოდა და შეტევაშიც სწრაფად თამაშობდა, მე-5 წუთზე კი ანგარიშის გახსნა შეეძლო – ვიქტორ ოსიმენის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, ქართველმა თავდამსხმელმა კი ახლო მანძილიდან, მაგრამ მახვილი კუთხიდან მიზანს ააცილა. 38-ე წუთზეც კარში უკვე ზუსტად დაარტყა, მაგრამ მეკარემ კარგად ითამაშა.

მეორე ნახევარში შეტევის ჩაშლისთვის ხვიჩამ (53-ე წუთზე) ყვითელი ბარათი მიიღო, მე-60 წუთზე კი თამაში გაამწვავა – ქართველის დარტყმული „ბოლონიას“ მეკარემ მოიგერია. „ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გატანას ვერ ახერხებდა. 70-ე წუთზე ხვიჩას მონდომებამ შედეგი გამოიღო – ქართველმა პენალტი მოიპოვა, მაგრამ ვიქტორ ოსიმენმა ბურთი კარს ააცილა, 76-ე წუთზე კი რუდი გარსიამ კვარაცხელია შეცვალა.

ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოოდ იტალიის სერია A-ში გამართული ხუთი ტურის შემდეგ „ნაპოლი“ რვა ქულით მეშვიდე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ შვიდი ქულით ჩამორჩება.