კვარაცხელიას მიერ „ატალანტასთან“ გატანილი გოლი 2023 წელს სერია A-ში საუკეთესოდ დაასახელეს [ვიდეო] #1TVSPORT

გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტას“ კარში გატანილი ბურთი იტალიის სერია A-ში 2023 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს – ინფორმაციას გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“ ავრცელებს.

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელს ჯილდო იტალიის წლის ტრადიციულ საფეხბურთო დაჯილდოებაზე გადასცეს, რომელიც მილანში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში, სერია A-ს 26-ე ტურში, 11 მარტს „ატალანტას“ შესანიშნავი გოლი გაუტანა, რომელიც ჯერ – ტურის, შემდეგ – თვის, ახლა კი წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.

დაჯილდოებაზე იტალიური მედიის ყურადღების ცენტრში ქართველი თავდამსხმელისა და მისი ყოფილი მწვრთნელის, იტალიის ნაკრების ამჟამინდელი დამრიგებელის, ლუჩანო სპალეტის თბილი შეხვედრა მოექცა.

„ლუჩანო სპალეტი და „ნაპოლის“ ქართველი ტალანტი საფეხბურთო საღამოზე ერთმანეთს გადაეხვივნენ. სპალეტი ხვიჩას მილანში, სერია A-ს წლის შემაჯამებელ საღამოზე შეხვდა. ეს მათი პირველი შეხვედრა იყო 4 ივნისის შემდეგ, როდესაც „ნაპოლიმ“ სპალეტის ხელმძღვანელობით სერია A-ში ბოლო მატჩი ჩაატარა. მათი შეხვედრა თბილი, შეიძლება ითქვას, მამაშვილურიც იყო, მათ შორის დიდი პატივისცემაა. საღამოზე მყოფი „ნაპოლის“ პრეზიდენტი – აურელიო დე ლაურენტისი ამ შეხვედრას ალბათ სინანულით უყურებდა“, – წერს „არეანაპოლი“.