კვარაცხელიას მენეჯერი - „ნაპოლის“ და ჩვენც კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი გვაქვს #1TVSPORT
კვარაცხელიას მენეჯერი - „ნაპოლის“ და ჩვენც კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი გვაქვს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია მზად არის, „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება გაახანგრძლივოს. ამის შესახებ მისმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა GeoTeam-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. კვარაცხელიას მენეჯერმა კმაყოფილება გამოთქვა „ნაპოლიში“ ხვიჩას გატარებული სეზონით, რომელსაც უაღრესად დადებითი უწოდა.

ჯუღელი იმედიანად არის განწყობილი ახალგაზრდა ქართველი ტალანტის მომავალთან დაკავშირებით, რომელიც უკვე შევიდა ნეაპოლური კლუბის ისტორიაში და პირველივე სეზონში სერია A-ს საუკეთესო მოთამაშე და ასისტენტი გახდა. ფეხბურთელის აგენტი მომავალ სეზონში კვარაცხელიას შემდგომი ზრდის მოლოდინშია. მან ასევე განაცხადა, რომ კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტის გასაგრძელებლად მზად არის.

„„ნაპოლიში“ ხვიჩას პირველი წელი ძალიან კარგი იყო, მან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და თავისი სახელი უკვე დატოვა ამ გუნდის ისტორიაში. მე ვიცი, რომ მეორე სეზონი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. მას ყველაფერი შეუძლია, ამიტომ ხვიჩასგან უფრო მეტს ველოდები, ამას ზუსტად იმიტომ ვამბობ, რომ მისი პროფესიონალიზმი და პიროვნული თვისებები ვიცი.

როდესაც გუნდში მივედით, ვიცოდით, რომ „ნაპოლი“ შესანიშნავი გუნდი იყო და დარწმუნებული ვიყავი, ძირითად შემადგენლობაში ითამაშებდა, მაგრამ ალალად რომ ვთქვა, ასეთ სიურპრიზს (სეზონის მოთამაშედ აღიარებას) არ ველოდი. მადლობა უნდა გადავუხადო კვარაცხელიას და „ნაპოლის“ ხელმძღვანელობას ნდობისთვის. რაც ხვიჩამ გააკეთა, ეს მხოლოდ მას შეეძლო.

„ნაპოლისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს გრძელვადიანი შეთანხმება, არსებული კონტრაქტი გაუმჯობესდება. მოლაპარაკებები სეზონის ბოლოს იქნება, მაგრამ პირობების გაუმჯობესების სურვილი ორივე მხრიდან არსებობს.

„სკუდეტოს“ მოგება? ვამაყობ მისით და მადლობა ღმერთს, ის ჩემი ოჯახის წევრია. სკუდეტოზე ყველა ვოცნებობდით, მთელი საქართველო ბედნიერია და სასიამოვნოა ეს ზეიმი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს კვარაცხელიას და უხარია მისი წარმატება. შემიძლია გითხრათ, რომ ხვიჩა ამით არ დაკმაყოფილდება, ის კიდევ უფრო გაძლიერდება“, – განაცხადა მამუკა ჯუღელმა.