კვარაცხელიას მენეჯერი - ხვიჩას და ჩაკვეტაძის შეთამაშება რა პრობლემაა, ვფიქრობ, ფედერაცია არ შეცდება და ყაზაიშვილს გამოიძახებს #1TVSPORT
კვარაცხელიას მენეჯერი - ხვიჩას და ჩაკვეტაძის შეთამაშება რა პრობლემაა, ვფიქრობ, ფედერაცია არ შეცდება და ყაზაიშვილს გამოიძახებს #1TVSPORT

მამუკა ჯუღელმა პირველ არხის ჟურნალისტთან, ცოტნე ქინქლაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

„ვინც ფეხბურთი იცის, დამეთანხმები, რომ კვარაცხელია ახლა უკეთესად თამაშობს, ვიდრე საჩემპიონო სეზონში და ყოველდღიურად უმატებს. მას ზღვარი არ აქვს და მხოლოდ წინ წავა.

ხვიჩას პსჟ-იც წაიყვანს და „რეალიც“. საუბარი თუ მაქვს კლუბებთან? რამდენთანაც გინდა, მაგრამ დე ლაურენტისი („ნაპოლის“ პრეზიდენტი) გაუშვებს? არის „ბარსელონაც“, „მანჩესტერიც“ და „რეალიც“, მაგრამ ყველაფერი თავის დროზე იქნება, რადგან ხვიჩა ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების სამეულში შედის.

კვარაზე ქეცბაიამ ზუსტად ილაპარაკა. ფეხბურთელებმა სილამაზე დაკარგეს. ხვიჩას დიდი პლუსი კი ის არის, რომ ამ ლამაზ ფეხბურთში ჯდება. ის რომ თამაშობს, მე მსიამოვნებს და თავი უფრო ახალგაზრდა მგონია.

ველოდი თუ არა, რომ სერია A-ში პირველივე სეზონში საუკეთესო გახდებოდა? დარწმუნებული ვიყავი, რომ მაგრად ითამაშებდა, მაგრამ საუკეთესო რომ გახდებოდა, ამას ვერც მე და ვერც მამამისი ვერ წარმოვიდგენდით. არადა, თავად სულ ამბობდა, ნახე, რაებს ჩავატარებო. ახლა უფრო უკეთესის მოლოდინშია.

კვარაცხელია რომ ლუქსემბურგთან არ ითამაშებს, ასეთი რამე, არ ვიცი. რა თქმა უნდა, სისტემაში რაღაც მოხდა და შეცდომა დაუშვეს, ესენიც ახალგაზრდები არიან, მაგრამ ამაზე ვესროლოთ?! აქ მარტო კობიაშვილის ამბავი ხომ არ წყდება, საქართველოს ბედი წყდება და დავაცადოთ 21 მარტამდე.

გასაგებია, რომ კვარაცხელია დიდი ძალაა, მაგრამ ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეაში ჩემპიონი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ახლა უკეთეს გუნდში დააწინაურეს და ძალიან კარგ ფორმაშია. უფრო მეტი ამბიცია გაუჩნდება, რომ ნაკრებში დაუძახონ. ჩემი აზრით, ის შემქმნელი მოთამაშეა, შედეგს გაძლევს. მგონია, რომ ფედერაცია არ შეცდება და გამოიძახებს. ისეთი ფეხბურთელები არიან ეროვნულ გუნდში, რომ ლუქსემბურგის ბარიერი უნდა გავიაროთ.

ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ერთად როგორ ვერ ითამაშებენ?! სანიოლი, არ ვიცი, რას ამბობდა, მას თავისი აზრი აქვს, მაგრამ როგორ შეიძლება, ასეთი ფეხბურთელები გყავდეს და ვერ შეთამაშდნენ? ჩაკვეტაძე მაღალი დონის ფეხბურთელია და 10 ნომერზე თამაში არ შეუძლია? მათ ერთად ყოფნას დიდი პროფესორობა არ უნდა, ვიღაც მწვრთნელიც კი ათამაშებს“, – ამბობს მამუკა ჯუღელი.